ლიტერატურული გემოვნება

როგორ ყალიბდება ლიტერატურული გემოვნება?! ამ კითხვას, ერთი შეხედვით, მარტივი პასუხი აქვს – უნდა იკითხო მხოლოდ ხარისხიანი ლიტერატურა. არადა, არც ასე მარტივადაა საქმე. რა ან ვინ განსაზღვრავს წიგნის ხარისხს ან რომელი წიგნია ამ საპასუხისმგებლო სახელის ტარების ღირსი?

წიგნებს მათი პოპულარობის მიხედვით თუ ავირჩევთ, უმეტესად რომელიმე ჰოლივუდური ფილმის პირველწყარო შეგვრჩება ხელში, თუმცა შეიძლება, ხანდახან აქაც გაგვიმართლოს და „მოდური“ წიგნების სიაში ხარისხიან ნამუშევარსაც გადავაწყდეთ.

კარგი მკითხველი ერთგვარი გადამკითხველია. ის ხშირად უბრუნდება იმ წიგნს, რომელმაც უმნიშვნელო კვალი მაინც დატოვა მასში. პირველად წაკითხვის დროს, რაც არ უნდა ყურადღებით იყო, მაინც ბუნდოვანი წარმოდგენა გრჩება წიგნზე, ბოლომდე ვერ ირგებ ახალ რეალობას, ყოველი მორიგი წაკითხვის შემდეგ კი უფრო მეტად ამახვილებ ყურადღებას დეტალებზე.

ჯობს, ბავშვები თავიდანვე მივაჩვიოთ დაკვირვებით კითხვას. ხშირად მიაპყარით მათი ყურადღება მწერლისთვის დამახასიათებელ სპეციფიკურ ლექსიკას, შეადგინეთ სიტყვის რუკები, ლექსიკონი. დააკვირდით, როგორი ცვლილება განიცადა სიტყვამ, ვთქვათ, სულხან–საბას „სიტყვის კონიდან“ ამა თუ იმ ავტორის წიგნში მოხვედრამდე. მაღალ კლასებში უფრო შორს წასვლაც შეიძლება: დააკვირდით მწერლის ენის განვითარების ეტაპებს მისი შემოქმედებითი მოღვაწეობის სხვადასხვა პერიოდში, შეადარეთ თანამედროვე ლიტერატურული ენა ამა თუ იმ ავტორის ეპოქისთვის დამახასიათებელ წერის მანერას, „გადაწერეთ“ თანამედროვე თხზულება სხვა ეპოქის, სპეციფიკური ხელწერის მქონე მწერლისთვის (ვაჟა, ილია, კონსტანტინე გამსახურდია, ყაზბეგი…) დამახასიათებელი მანერით ან მისწერეთ წერილი სასურველ ავტორს ზემოთ ჩამოთვლილი წესების დაცვით.

ბავშვებს შესაძლოა გაუკვირდეთ, რატომ უნდა წაიკითხონ ერთი და იგივე თხზულება რამდენჯერმე. მაშინ ჰკითხეთ მათ, რატომ უყურებენ საყვარელ მულტფილმებს ასე ხშირად ან რატომ ითხოვენ ყოველდღე საყვარელ საკვებს. ცხადია, პატარებს ნაცნობი და სასურველი სიამოვნების მრავალჯერ მიღება სურთ, მაგრამ მოთხოვნილების წარმოშობის მიზეზის გააზრება ჯერ არ შეუძლიათ.

წიგნის დაგემოვნების ყველაზე ხელშესახები მეთოდი მკითხველის „გაავტორებაა“. გემოვნებიანი მკითხველი ხომ კარგი მწერლისგან წერასაც სწავლობს. ჰოდა, სცადეთ! თავიდან შეგიძლიათ ერთად შექმნათ მარტივსიუჟეტიანი ზღაპარი ან მოთხრობა.

სასურველია, პირველი წინადადება მასწავლებელმა დაწეროს, რადგან თხზულების დასაწყისი ფანტაზიის გამღვიძებლად, ერთგვარ მოტივატორად უნდა გამოვიყენოთ. წინადადებამ მოსწავლეებს სიუჟეტის სხვადასხვა გზით განვითარების შესაძლებლობა უნდა მისცეს.

საუკეთესო მკითხველად ჩამოყალიბების პროცესის ნაწილია წიგნის გაცოცხლება და ტექსტის მიხედვით დადგმული თეატრალური წარმოდგენის ან ეკრანიზაციის გაცნობა. საგაკვეთილო მასალად თემატური ფილმი მეც არაერთხელ გამომიყენებია.

როლური თამაშის გამოყენება საგაკვეთილო პროცესში სიახლეს აღარ წარმოადგენს. ეს მეთოდი, უპირველეს ყოვლისა, გააზრებული კითხვის უნარის დახვეწას უწყობს ხელს და კითხვის მოტივაციასაც ზრდის. თუ ცოტათი მაინც გიჭრით კალამი, მოთხრობის სცენარად გადაკეთებას რა უნდა?! შეგიძლიათ, ბავშვებს წიგნის გმირები დაახატვინოთ, მათგან კი სახელდახელო თოჯინები შექმნათ თეატრალური წარმოდგენისთვის. ტექსტის გაცოცხლება ხელნაწერი ილუსტრირებული კრებულების, კომიქსების და ყდის დიზაინის შექმნითაც შეიძლება.

ხშირად ლიტერატურის სწავლების მეთოდებს აკრიტიკებენ იმის გამო, რომ მეტისმეტად „არააკადემიურია“, რის შედეგადაც ბავშვი სასწავლო საგანს სერიოზულად ვეღარ აღიქვამს. არადა, ლიტერატურის სწავლება ფანტაზიის გამოუყენებლად წარმოუდგენელია.

თუ გინდათ, კარგ მკითხველად იქცეთ, წიგნში სიმართლეს ნუ დაუწყებთ ძებნას, დატკბით კიდევ ერთი მოგზაურობით, რომელიც ადამიანებით დასახლებულ კუნძულზე, ერთ–ერთი გენიალური ცრუპენტელას თავში მოხდა. „თუმცა ვინ თქვა, რომ რაც ჩვენს თავში ხდება, სინამდვილე არ არის?!“